საგამომცემლო წლის შეჯამება

საგამომცემლო წლის შეჯამება

სულ მალე მიილევა მე-13 წელი, რაც გამომცემლობა Carpe Diem გამოსცემს მსოფლიო კულტურის საგანძურს - კაცობრიობის ფილოსოფიურ შემოქმედებას.

 

შარშანდელი წელი განსაკუთრებული იყო ჩვენი სოციალური გააქტიურების მხრივ - განვაახლეთ საიტი და გამოვჩნდით სოციალურ მედიაშიც. Carpe Diem-ის რამდენიმე წიგნი გათამაშდა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ლიტერატურულ გვერდზე „მეტამორფოზა“. ამ გვერდს აქედან კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ურთიერთთანამშრომლობისთვის.

 

2021 წელს გამოვეცით 14 წიგნი. ტრადიცია არც ამჯერად დაგვირღვევია - მოვიცავით, როგორც უცხოელი, ისე ქართველი კლასიკოსები. გამოქვეყნებულ წიგნებს შორისაა: „მეტაფიზიკა“ (არისტოტელე);  „სოკრატეს აპოლოგია“ - „კრიტონი“ (პლატონი); „შესავალი ძენ ბუდიზმში“ (დაისეცუ ტეიტარო სუძუკი); „პოლიტიკა როგორც მოწოდება და ხელობა“ (მაქს ვებერი); „მე ვარ გზა“ - წერილები ქრისტიანობაზე (ზურაბ კიკნაძე); „რაც ვიცი“ (ნოდარ ნათაძე). სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

ყოველ წიგნზე მუშაობა გამორჩეულია და თავისი, განსაკუთრებული დინამიკა აქვს. თუმცა, 2021-მა წელმა ერთ შემთხვევაში უდიდესი მწუხარება მოგვიტანა. ჩვენი გამომცემლობის კარგი მეგობრის, ფილოსოფიისა და ლოგიკის უბადლო მცოდნის, ქალბატონი ნინო თომაშვილის სახელმძღვანელო - „ლოგიკა“ სტამბაში იყო დასაბეჭდად გამზადებული, რომ შეგვძრა სიახლემ მისი ტრაგიკული გარდაცვალებისა. ქალბატონი ნინო უდიდესი დანაკლისია ჩვენთვის!

 

ყოველი ახალ წელი, გარკვეული აზრით, იგივეს მარადიული კვლავდაბრუნებაა. ეს იგივე ჩვენთვის წიგნების გამოსაცემად გასაწევი შრომაა, რომლის საზღაურიც თქვენი უკუკავშირია, როგორც წიგნის მაღაზიებში, ისე თქვენი გამამხნევებელი სიტყვების სახით. ამ მხრივ კი, ცდას არც მომავალ, 2022 წელს დავაკლებთ. 2022-ში გამოსაცემ წიგნებს შორისაა - „ასე იტყოდა ზარატუსტრა“, (ნიცშე) „წმინდა გონების კრიტიკა“ (კანტი), „სპექტაკლის საზოგადოება“ (დებორი), „ტელევიზიის შესახებ“ (ბურდიე).

 

ასე რომ, გილოცავთ ახალ წელს! წიგნიერი და შესაბამისად, საუკეთესო წელი ყოფილიყოს თქვენთვის!

 

გამომცემლობა  Carpe Diem

გაზიარება: